ეკონომიკა

ევროკავშირი საქართველოს ენერგოსექტორს დააფინანსებს

23.12.17 16:15


ევროკავშირი „საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის გაფართოების პროგრამას“ 9,9 მილიონი ევროთი დააფინანსებს, აღნიშნულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებაში.

შეთანხმებას პროექტის დაფინანსებისა და განხორციელების შესახებ ხელი მოაწერეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გიორგი ჩიქოვანმა, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალურმა დირექტორმა სულხან ზუმბურიძემ და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის წარმომადგენელმა ჰანს რიეკმა.

ევროკავშირმა გრანტი სამეზობლო საინვესტიციო მექანიზმის საშუალებით (EU NIF) გამოყო.

„პროგრამის მიზანს წარმოადგენს ჰიდროელექტროსადგურების ქსელის ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის ქსელის ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა, ელექტროგადამცემი ხაზის გამტარუნარიანობისა და ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის მოცულობის გაზრდა და საქართველოს ენერგომომარაგების უსაფრთხოების გაუმჯობესება“, – ნათქვამია განცხადებაში.

„საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის გაფართოების პროგრამა“ ასევე გულისხმობს წყალტუბო-ახალციხე-თორთუმის ქსელთან მიერთების, გურიაში ელექტროგადამცემი ინფრასტრუქტურის გაძლიერების, ჩრდილოეთ რგოლის მშენებლობისა და კახეთის რეგიონში ელექტროგადამცემი ინფრასტრუქტურის გაძლიერების პროექტებს.

გერმანიის განვითარების ბანკი საქართველოში 1993 წლიდან საქმიანობს. ამ დროიდან მოყოლებული მას დაახლოებით 750 მლნ ევროს ღირებულების ინვესტიცია აქვს განხორცებული, საიდანაც 50%ზე მეტი, 400 მლნ ევრო, სწორედ ენერგეტიკის სექტორის განვითარებისთვის ჩაიდო.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები