ეკონომიკა

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო

25.12.17 14:15


24 დეკემბერს, 14:00-ზე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო სამუშაოების დაწყების ოფიციალური ღონისძიება გაიმართება. ღონისძიებას საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მთავრობის წარმომადგენლები, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე და კონსორციუმის მენეჯმენტი დაესწრებიან.

ანაკლიის ნავსადგურის პირველი ფაზის სამშენებლო სამუშოები 2017-2021 წლებში, 110 ჰექტარი ფართობის ტერიტორიაზე განხორციელდება. ამ პერიოდის განმავლობაში აშენდება ინფრასტრუქტურა, რომელიც საქართველოს შესაძლებლობას მისცემს მიიღოს 10,000 კონტეინერიანი (TEU) პანამაქსის და პოსტპანამაქსის ტიპის გემები, რომელთაც დღესდღეობით საქართველოში არსებული სხვა პორტები ვერ ემსახურება.

2021 წლისთვის ანაკლიის პორტის 900, 000-მდე TEU კონტეინერის და 1.5 მილიონი ტონა მშრალი ნაყარი ტვირთის გატარებას შეძლებს. მომდევნო სამი წლის განმავლობაში, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო სამუშაოები მოიცავს: საზღვაო აკვატორიის 16 მეტრამდე დაღრმავებას გრუნტის რეკლამაციას და 15 მილიონი კუბური მეტრი ინერტული მასალის ფსკერიდან ამოღებას, რომელიც პორტის სახმელეთო ტერიტორიაზე განთავსდება და უზრუნველყოფს 110 ჰექტარის ფართობზე ჭაობიანი მასების ამოვსებას (მოგვიანებით იგეგმება ჭაობის აღდგენა სხვა, შესაბამის ტერიტორიაზე). 1.6 კმ-იანი ტალღმტეხის აშენებას, რომლის გამაგრებაც ზღვაში 1.3 მილიონი ტონა ქვის გამოყენებით მოხდება 625-მეტრის სიგრძის, 2-ნავმისადგომიანი, მრავალფუნქციური ტერმინალის მშენებლობას, რომლის ფარგლებში 110 ჰექტარზე იგეგმება ბეტონის საფარის მოწყობა; დამხმარე შენობა-ნაგებობების მშენებლობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პირველი ფაზის საინვესტიციო მოცულობა 540 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის შესახებ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ანაკლიის მიმდებარე ტერიტორიაზე, 340 ჰექტარის ფართობის ტერიტორიაზე შენდება.

პროექტი სულ 9 ფაზად განვითარდება და მისი მთლიანი ბიუჯეტი 2.5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განხორციელება 2016 წლის ოქტომბერში დაიწყო. დღემდე, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა” ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან და კონსულტანტებთან ერთად პროექტის წინასწარი სამუშაოების ფარგლებში განახორციელა 50-ზე მეტი კვლევა, მათ შორის საინჟინრო, საზღვაო, ფლორისა და ფაუნის კვლევები; შეიმუშავა ღრმაწყლოვანი პორტის წინასწარი დიზაინი, 50-წლიანი გენერალური გეგმა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი (აღნიშნულ სამუშაოებში ჩართული იყვნენ საერთაშორისო კომპანიები Van Oord, MTBS, Moffatt and Nichol, Royal HaskoningDHV).

2017 წელს ასევე დაიწყო მუშაობა ქალაქ ანაკლიისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის განვითარებაზე, რომელსაც კომპანია „ანაკლია სითი” ხელმძღვანელობს.

კომპანიამ დაამყარა კომუნკაცია 100-ზე მეტ საერთაშორისო კომპანიასთან და რამდენიმესთან ურთერთთანამშრომლობის მემორანდუმიც გააფორმა; ჩაატარა ტენდერი იმ კომპანიების გამოსავლენად, რომლებმაც უნდა მოამზადონ „ანაკლია სითის” ეკონომიკური ანალიზი, პროექტის განხორციელებადობის კვლევა და გენერალური გეგმა. ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური თავისი მნიშვნელობითა და მასშტაბით ქვეყნისთვის სტრატეგიულ პროექტს წარმოადგენს. მისი უპირატესობები – სტრატეგიული მდებარეობა, მაღალი გამტარუნარიანობა, სპეციალური ეკონომიკური ზონისა და ლოგისტიკური სერვისების განვითარების შესაძლებლობა საქართველოსთვის შანსია, გახდეს მნიშვნელოვანი საზღვაო კარიბჭე და გზაჯვარედინი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის; დაიბრუნოს თავისი ისტორიული მისია ახალი აბრეშუმის გზის კორიდორში და იქცეს რეგიონში მნიშვნელოვანი ლოგისტიკური კვანძი.




წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები