საზოგადოება

“ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს უფლებას, ჰქონდეს თავისი ხედვა უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით”

02.05.19 16:45


საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ელჩი, კარლ ჰარცელი საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს უფლებას, ჰქონდეს თავისი ხედვა უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით. მისივე თქმით, საქართველოში ამერიკული ბაზების განთავსების საკითხი უფრო ფართო შინაარსისაა.

„რა თქმა უნდა, უსაფრთხოების საკითხი არის უმნიშვნელოვანესი და უფრო ფართო კონტექსტში უნდა განიხილებოდეს. რაც შეეხება სამხედრო ბაზებს – ეს არის ისეთი საკითხი, რომელიც არის უფრო ფართო კონტექსტის შემადგენელი ნაწილი. ევროკავშირი, როგორც ყოველთვის, სრულად უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე, საქართველოს უფლებას, რომ ჰქონდეს თავისი ხედვა უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით“, – განაცხადა კარლ ჰარცერმა.

ცნობისათვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში კითხვას საქართველოში ამერიკული ბაზის აშენებასთან დაკავშირებით უპასუხა, რომ არაა საჭირო, საქართველომ გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც შეიძლება, პროვოკაციად იქნას აღქმული.

„არ მგონია, ეს რეკომენდებული იყოს. ვფიქრობ, ეს ქვეყანა ისეთ ადგილზე მდებარეობს, სადაც უსაფრთხოება უნდა გავაძლიეროთ. არაა საჭირო, გადავდგათ ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება, პროვოკაციად იქნას აღქმული და, ამასთან, არ მგონია შეერთებული შტატები აქ სამხედრო ბაზის ქონისთვის მზად იყო, რაც ყურადღებას მიიქცევს არა მხოლოდ რუსეთისგან, არამედ – ტერორისტული მოძრაობებისგანაც, რომლებიც ჩვენს რეგიონში ძალიან აქტიური არიან. ჩვენ შორის არსებული ურთიერთგაგების საფუძველზე, უნდა გავაღრმაოთ და გავაფართოვოთ თანამშრომლობა და არ გადავდგათ ნაბიჯები, რომლებმაც შესაძლოა, სხვების რეაქციის პროვოცირება გამოიწვიოს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები