საზოგადოება

დავით ზალკალიანი სლოვაკეთში მცხოვრებ ქართულ დიასპორას შეხვდა

06.05.19 12:00


სლოვაკეთი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სლოვაკეთში ვიზიტის ფარგლებში, ბრატისლავაში საქართველოს საელჩოში, შეხვედრა გამართა ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ქართული დიასპორის მნიშვნელოვან როლზე საქართველოს განვითარების და ქვეყნის პოზიტიური იმიჯის წარმოჩენის საქმეში და აღნიშნა, რომ დიასპორასთან ურთიერთობა საქართველოს მთავრობის და საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისევე როგორც საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. როგორც მინისტრმა აღნიშნა იგი ყოველი ვიზიტის დროს ხვდება სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ქართულ დიასპორას რა დროსაც მიმდინარეობს ინფორმაციის გაცვლა დიასპოსრისთვის აქტუალურ საკითხებზე.

დავით ზალკალიანმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნო ის მნიშვნელოვანი სამთავრობო პროექტები, რაც მიმდინარეობს დიასპორასთან დაკავშირებით.

ესენია საკვირაო სკოლებისთვის სახელმძღვანელოების შექმნა, დიასპორასთან საკომუნიკაციო პლატფორმის - ერთიანი ვებ-პორტალის შექმნა და დიასპორული ინიციატივების ფონდი, რომელიც რამდენიმე დღეში შეუდგება განაცხადების მიღებას.

შეხვედრაზე მინისტრმა ასევე ვრცლად მიმოიხილა, როგორც ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მიღწევები, ასევე მთავრობის მიერ მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები ეკონომიკის და განათლების სფეროს მიმართულებით. როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა საქართველო, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, მნიშვნელოვან რესურსს მიმართავს და 2022 წლისთვის მშპ-ის 6% დაიხარჯება. მისივე განაცხადებით ერთ-ერთი პრიორიტეტული ამოცანაა ქვეყნის ეკონომიკის ინკლუზიური განვითარება, რათა სახელმწიფოს ეკონომიკური ზრდა თითოეული მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახებოდეს.

მიმოხილული იქნა საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის ეფექტური რეალიზაციისთვის დაგეგმილი და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, რაც თავისმხრივ წარმოადგენს საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან მიმართულებას, რადგან საქართველო, როგორც ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ბუნებრივი დერეფანი დიდ როლს თამაშობს როგორც ენერგო რესურსების, ასევე ტვირთბრუნვის დივერსიფიკაციაში.

მინისტრმა დიასპორის წარმომადგენლებს მოკლედ მიაწოდა ინფორმაცია სლოვაკეთში მისი ვიზიტის მიზნის შესახებ, რაც უკავშირდება ვიშეგრადის ოთხეულისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეკრებას. საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიზნებზე საუბრისას, დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელოვან წარმატებას, რაც აღიარებულია ჩვენი პარტნიორების მხრიდან. მინისტრმა ისაუბრა ინტეგრაციის პროცესის პრაქტიკულ განზომილებებზე, რომელსაც წარმატებით იყენებენ საქართველოს მოქალაქეები, მათ შორის არის ვიზალიბერალიზაცია. დავით ზალკალინმა აქვე ხაზი გაუსვა დიასპორის ჩართულობის მნიშვნელობას იმაში, რომ საქართველოს მოქალაქეებმა არ დაარღვიონ ვიზალიბერალიზაციის წესები და ბოროტად არ იქნას გამოყენებული თავშესაფრის მაძიებელთა სტატუსი.

დიასპორის წარმომადგენლებს დავით ზალკალიანმა ასევე ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე, ქვეყნის სამშვიდობო პოლიტიკაზე. ევროკავშირის აქტიურ ჩართულობასა და მნიშვნელოვან როლზე ამ პროცესში.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკას 5-6 მაისს სტუმრობს.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები