საზოგადოება

მამუკა ბახტაძე: ოკაცეს ჩანჩქერის ახალი ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა ამ ულამაზეს კუთხეში ტურისტების რაოდენობას გაასამმაგებს

06.05.19 16:40


“ოკაცეს ჩანჩქერის ბუნების ძეგლზე მოწყობილი ახალი ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა ამ ულამაზეს კუთხეში ტურისტების რაოდენობას მინიმუმ გაასამმაგებს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ სოფელ სოფელ კინჩხაში განაცხადა, სადაც ახლად აშენებული ვიზიტორთა ცენტრი და ტურისტული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.

ბუნების ძეგლზე, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, ვიზიტორთა ცენტრის გარდა, მოეწყო ბილიკები და გადასახედი პლატფორმები, რაც ბუნების ძეგლის დათვალიერებას მეტად უსაფრთხოსა და კომფორტულს ხდის. ინფრასტრუქტურული პროექტი ბიუჯეტიდან 1 100 000 ლარით დაფინანსდა.

„ჩვენ გავაფართოვეთ ოკაცეს კანიონის პროექტი, რომელიც ტურისტებში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს. დარწმუნებული ვარ, სოფელ კინჩხაში მოწყობილი ახალი ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მეშვეობით, მინიმუმ, გავასამმაგებთ ტურისტების რაოდენობას ამ ულამაზეს კუთხეში”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ ხონის მუნიციპალიტეტში კიდევ მრავალი ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის – სკოლების რეაბილიტაცია, ხოლო უახლოეს მომავალში პროფესიული გადამზადების ცენტრი გაიხსნება.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა პროფესიული განათლების განვითარების პრიორიტეტულობას და განაცხადა, რომ მთავრობის ამოცანაა, ყველა კუთხეში იყოს ისეთი ტიპის პროფესიული სასწავლებელი, რომლის კურსდამთავრებული ახალგაზრდებიც მოკლე ვადაში დასაქმდებიან.

„ხონში ახალგაზრდულ ცენტრს ავაშენებთ, ასევე, იგეგმება ხონის ისტორიული ცენტრის რეაბილიტაცია და ბევრი სხვა პროექტი. მე გავეცანი იმ პროექტებს, რომლებიც სოფლის მეურნეობაში დავაანონსეთ. ხონი ამ კუთხით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბენეფიციარია. ჩვენ გვჭირდება, გავასამმაგოთ ის ციფრები და შედეგები, რომლებიც დღეს გვაქვს”, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერმინისტრი ოკაცეს ჩანჩქერის ბუნების ძეგლზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად იმყოფებოდა.






წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები