ეკონომიკა

ახალი სკანდალი: ანაკლიის პროექტის ინვესტორები პროექტის შეჩერებით იმუქრებიან

30.05.19 11:30


საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება ფოთი პორტში ახალი ღრმაწყლოვანი პორტის აშენების ნებართვასთან დაკავშირებით „ანაკლიის განვითარების კონსორციუმისთვის" „შოკისმომგვრელი" აღმოჩნდა, ნათქვამია კონსორციუმის სპეციალურ განცხადებაში.

ნებართვა მიიღო კომპანიამ „სს ფოთის საზღვაო ნავსადგური" - APM Terminals-ის შვილობილმა კომპანიამ, რომელიც, თავის მხრივ, დანიური ჯგუფის A.P.Moller-Maersk ქვეგანყოფილებაა.

ფოთის პორტი ღრმაწყლოვანი გახდება.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მთავრობამ დამალა ეს ნებართვა, თუმცა, შესაბამის ბრძანებას ხელი 2 მაისს მოეწერა, ხოლო 21 მაისს ეკონომიკის სამინისტრომ მოლაპარაკებები გამართა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის დაფინანსებასთან დაკავშირებით.

ამ ფაქტთან და მის დამალვასთან დაკავშირებით „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან უკვე გამოითქვა მწვავე შეფასებები.

საქართველოში პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2017 წელს დაიწყო, ამჟამად ფსკერის გაღრმავების სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტს ახორციელებს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი", რომელიც ქართულმა კომპანია TBC Holding-მა და ამერიკულმა კომპანია Conti International LLC-მ დააფუძნეს. ამჟამად კონსორციუმში გაერთიანებული არიან ასევე პორტის ოპერატორი SSA Marine (აშშ), British Wondernet Express (ცენტრალური აზია) და G-Star Ltd (ბულგარეთი).

პორტმა მუშაობა 2021 წელს უნდა დაიწყოს.

პორტის მშენებლობის პირველი ფაზისთვის 600 მილიონ დოლარზე მეტია საჭირო. სახელმწიფომ 100 მილიონი დოლარის კრედიტის ჩარიცხვის პირობა დადო, ხოლო კონსორციუმს 120 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელება მოუწევს. დანარჩენი 400 მილიონი დოლარი კონსორციუმმა კრედიტის სახით უცხოური ინვესტორებისგან უნდა მოიზიდოს.

კრედიტორები მოიძებნა, მაგრამ თანხის საბოლოო მისაღებად მხარეებმა ფინანსური გარიგება უნდა დადონ. აქ კი პრობლემები შეიქმნა.

ყველაზე მთავარ მოთხოვნას ტვირთბრუნვის უზრუნველყოფის რისკის დაზღვევა წარმოადგენს. კრედიტორი ბანკები ითხოვენ, რომ სახელმწიფომ, ერთი მხრივ, ამ კრედიტების უზრუნველყოფა აიღოს თავის თავზე, მეორე მხრივ – ტვირთების შემოსვლის რისკები დაფაროს.




წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები