პოლიტიკა

საქართველოს და ინდოეთის პრეზიდენტებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის განვითარებაზე ისაუბრეს

03.06.20 16:20


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ინდოეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, რამ ნათ კოვინდს ესაუბრა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ინდოეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა უმაღლესი შეფასება მისცა პანდემიის პერიოდში კორონავირუსთან ბრძოლისას საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულ ღონისძიებებსა და მიღებულ ზომებს.

„სატელეფონო საუბარი შეეხო პოსტპანდემიისას ეკონომიკების გახსნის სტრატეგიას და ამ კონტექსტში საჰაერო მიმოსვლის აღდგენის მნიშვნელობას. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, საჰაერო მიმოსვლის გახსნა მნიშვნელოვანია საქართველოს უნივერსიტეტებში სასწავლებლად ჩამოსული ინდოელი სტუდენტებისათვის. მხარეებმა განიხილეს სოფლის მეურნეობის დარგების განვითარების მნიშვნელობა პანდემიის შემდგომ პერიოდში. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, საქართველომ ინდოეთში არსებული მაღალტექნოლოგიური სოფლის მეურნეობის გამოცდილება გაიზიაროს. საუბრისას პრეზიდენტებმა გამოხატეს მზადყოფნა, საქართველოსა და ინდოეთს შორის საერთაშორისო სავაჭრო ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებების გაგრძელებისა და გააქტიურების შესახებ.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-ინდოეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე. საუბარი შეეხო საქართველოში ინდოეთის საელჩოს გახსნის მნიშვნელობას და როგორც ინდოეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, ამ ეტაპზე საქართველოში საელჩოს გახსნასთან დაკავშირებით ინდოეთის მთავრობაში მოლაპარაკებები მიმდინარეობს. თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების გააქტიურებისა და გაღრმავებისათვის საელჩოს გახსნა ძალიან მნიშვნელოვანია”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები