პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი - მიუხედავად იმისა, რომ ამდენი სამუშაო ადგილი შეიქმნა, ბიზნესი უჩივის სამუშაო ძალის ნაკლებობას - მთავრობა მზად არის პრობლემის მოგვარებაზე ბიზნესთან ერთად იმუშაოს

28.11.22 15:40


საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სხვადასხვა სექტორი და ზოგადად ბიზნესი სამუშაო ძალის დეფიციტს უჩივის. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყებისას ისაუბრა.

 

მისი თქმით, მთავრობა მზადაა ბიზნესთან უფრო აქტიური და მჭიდრო კომუნიკაცია ჰქონდეს ამ საკითხის ირგვლივ.

 

„იმის მიუხედავად, რომ ამდენი სამუშაო ადგილი შეიქმნა, ძალიან ბევრი დამსაქმებელი, მათ შორის სამშენებლო სექტორში და სხვა სექტორის დამსაქმებლები, ბიზნესი უჩივის სამუშაო ძალის ნაკლებობას. 100 ათასზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა, მაგრამ მოთხოვნა არის გაცილებით მეტი, გაცილებით მეტი ადამიანი შეიძლება დასაქმდეს ქვეყანაში. მე პირადად მქონდა საუბარი ბიზნესის წარმომადგენლებთან, მქონდა შეხვედრა რამდენიმე კვირის წინ და ყველა ამბობს ერთხმად, რომ აუცილებელია სამუშაო ძალის გაზრდა. ეს როგორ უნდა გააკეთოს მთავრობამ?! რა თქმა უნდა, ის მზად არის, რომ ბიზნესთან კიდევ უფრო აქტიური კომუნიკაცია ჰქონდეს და კოორდინირებულად იმუშაოს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

მან სოციალურად დაუცველების დასაქმების პროგრამაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ დროისთვის 30 ათასამდე სოციალურად დაუცველია დასაქმებული.

 

„მე, ასევე, მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო ყველას, რომ რამდენიმე თვის წინ ჩვენ დავიწყეთ ახალი ინიციატივის განხორციელება, ეს შეეხებოდა სოციალურად დაუცველების დასაქმებას. ესეც არის ევროპული მოდელი, გამოცდილება.

დაახლოებით 30 ათასამდე სოციალურად დაუცველი დასაქმდა. ეს არ არის ბევრი, მაგრამ არც ცოტაა. რესურსი არის გაცილებით მეტი. შრომისუნარიანი სოციალურად დაუცველი ადამიანი ჩვენ გვყავს, დაახლოებით, 200-300 ათასი. ჩვენი ამოცანაა, რომ ყველა ეს ადამიანი დავასაქმოთ და არა მხოლოდ საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩავრთოთ, არამედ ბიზნესში მოხდეს მათი ეტაპობრივი გადასვლა და დასაქმება, მათი პროფესიული უნარების განვითარება. ეს არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 316


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები