პოლიტიკა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში საქართველო აშშ-ის მნიშვნელოვან პარტნიორად რჩება

03.06.16 17:50


ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში საქართველო აშშ-ის მნიშვნელოვან პარტნიორად რჩება, - ამის შესახებ საუბარია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, რომელშიც მსოფლიოს ტერორისტული საფრთხეებია შეფასებული. ანგარიშში 2015 წლის მდგომარეობაა მიმოხილული.

დოკუმენტში, სადაც ცალკე თავი საქართველოს ეძღვნება, აღნიშნულია, რომ საქართველო არის „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში გლობალური კოალიციის წევრი და ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში აშშ-სთან მჭიდროდ თანამშრომლობს.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2015 წელს საქართველომ ანტიტერორისტული კანონმდებლობა მიიღო, ქვეყანაში ტერორისტული საქმიანობის ბრალდებით დაკავებების სერია განხორციელდა.

გარდა ამისა, საქართველომ საკუთარი საზღვრების უსაფრთხოების გასაძლიერებლად და ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლის საქმეში რიგი ნაბიჯი გადადგა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ, საქართველოს ხელისუფლების შეფასებით, აჭარასა და პანკისის ხეობიდან სირია/ერაყის ტერიტორიაზე, ექსტრემისტულ დაჯგუფებებში გასაწევრიანებლად 50-დან 100 მოქალაქემდე გაემგზავრა.

ანგარიშის თანახმად, გასულ წელს საქართველოში მცხოვრებმა ექსტრემისტებმა გაახშირეს სოციალური მედიის გამოყენება საკუთარი იდეების გასავრცელებლად. მაგალითად, გასული წლის ნოემბერში, სირიაში მებრძოლმა ქართველებმა მოუწოდეს საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს, განახორციელონ თავდასხმები „ურწმუნოებზე“ საქართველოში.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ გასულ წელს საქართველომ ანტიტერორისტული კანონმდებლობა გააძლიერა და ტერორიზმთან დაკავშირებული დანაშაულებრივი ქმედებების აღკვეთის მიზნით სერიოზული სამართლებრივი ბაზა შექმნა.

გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 2178-ის მიხედვით, საქართველოს მთავრობამ გასული წლის ივნისში სისხლის სამართლის კოდექსი და სხვა საკანონმდებლო აქტები შეცვალა, რომელიც ტერორისტულ საქმიანობას ეხება.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მაღალ შეფასებას აძლევს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიტერორისტულ დანაყოფებს და აღნიშნავს, რომ ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში ისინი წამყვან როლს ასრულებენ და, როგორც წესი, კარგად გაწვრთნილი და ეკიპირებული არიან.

„საქართველოს მთავრობას ტერორიზმთან დაკავშირებული ინციდენტების გამოვლენის, აღკვეთისა და მათზე რეგიარების მნიშვნელოვანი შესაძლებლობები აქვს, მიუხევად იმისა, რომ აგვისტოში შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გაყოფის შემდეგ არსებობს პრობლემები თანამშრომლობის, კოოპერაციისა და ინფორმაციის გაცვლის კუთხით“, - ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველომ საზღვრების უსაფრთხოება გააუმჯობესა, რაც ნაწილობრივ, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის მიღების მიზანს უკავშირდება.

„მიუხედავად ამისა, იმის გამო რომ თბილისი რუსეთის მიერ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიებს ვერ აკონტროლებს, ეს ზღუდავს ქვეყნის შესაძლებლობებს, უზრუნველყოს ადმინისტრაციული საზღვრების უსაფრთხოება სეპარატისტულ რეგიონებთან“, - ნათქვამია ანგარიშში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები პოტენციური ტერორისტების გამოვლენის მიზნით იყენებენ ვიდეოკამერებს, ტერორისტების სიას და სხვა ინფორმაციას, მიუხედავად ამისა, სტანდარტული ოპერატიული პროცედურების დანერგვა მათ შესაძლებლობებს კიდევ უფრო გაზრდიდა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ აშშ-ის მნიშვნელოვანი დახმარებით, საქართველოს სანაპირო დაცვის სამსახური უკეთესად არის აღჭურვილი ქვეყნის საზღვაო საზღვრების პატრულირებისთვის, გარდა რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის სანაპიროსა.

დოკუმენტის თანახმად, გასულ წელს საქართველომ სომხეთს, აზერბაიჯანსა და თურქეთს ტრანსასაზღვრო ტერორიზმის 115 შემთხვევის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ შარშან აჭარაში, გურიასა და პანკისის ხეობაში, „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირებში ეჭვმიტანილი პირები დააკავეს, მათ შორის დასახელებულია აიუბ ბორჩაშვილი და კიდევ სამი პირი, რომელიც თურქეთის გავლით სირიაში აპირებდა გამგზავრებას.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველო ტერორიზმის ფინანსირებასთან აქტიურად იბრძვის, საქართველოს მთავრობამ აღნიშნულ საკითხზე კანონმდებლობაში ცვლილებები განახორციელა და საერთაშორისო რეკომენდაციები შეასრულა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ პანკისის ხეობაში საქართველოს განათლებისა და სპორტის სამინისტროები სხვადასხვა სამოქალაქო აქტივობას ახორციელებენ.

„აშშ-სთან მჭიდრო ურთიერთქმედების პარალელურად, საქართველო ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებზე მუშაობს საერთაშორისო, რეგიონულ და ორმხრივ ფორმატებში“, - ნათქვამია ანგარიშში.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 901


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები