პოლიტიკა

ირაკლი სესიაშვილი - ჩვენთან ახლოს, რეგიონში არის ტერორიზმის ბუდე და ამ ფონზე საქართველო სერიოზულ შესაძლებლობებს ავლენს

03.06.16 18:30


ჩვენთან ახლოს, რეგიონში არის ტერორიზმის ბუდე და ამ ფონზე საქართველო სერიოზულ შესაძლებლობებს ავლენს, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” პარლამენტის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა. სესიაშვილი გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს, რომლის თანახმადაც, ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში საქართველო აშშ-ის მნიშვნელოვან პარტნიორად რჩება.

”პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი შეფასება, იმდენად, რამდენადაც ჩვენი რეგიონი არის ერთ-ერთი ყველაზე რთული. ჩვენთან ახლოს, რეგიონში არის ტერორიზმის ბუდე, სირიასა და ერაყში და ამ ფონზე საქართველო ავლენს თავის ძალიან სერიოზულ შესაძლებლობებს და უზრუნველყოფს არა მხოლოდ საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებას, არამედ არის ძალიან ძლიერი საერთაშორისო პარტნიორი ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით. ამ შეფასებას ჩვენ გადავყავართ ურთიერთობის ახალ ფაზაზე. ეს გახლავთ ის, რომ ამ შემთხვევაში ვართ არა მხოლოდ ქვეყანა, რომელიც ცდილობს საკუთარი ტერიტორია დაიცვას ტერორიზმისგან, არამედ ჩვენ მონაწილობას ვიღებთ საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში, ამიტომ მომავალში ამ მხრივ უკვე შევძლებთ ჩვენი შესაძლებლობის სერიოზულად განვითარებას”, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში საქართველო აშშ-ის მნიშვნელოვან პარტნიორად რჩება, - ამის შესახებ საუბარია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, რომელშიც მსოფლიოს ტერორისტული საფრთხეებია შეფასებული. ანგარიშში 2015 წლის მდგომარეობაა მიმოხილული.

დოკუმენტში, სადაც ცალკე თავი საქართველოს ეძღვნება, აღნიშნულია, რომ საქართველო არის „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში გლობალური კოალიციის წევრი და ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში აშშ-სთან მჭიდროდ თანამშრომლობს.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2015 წელს საქართველომ ანტიტერორისტული კანონმდებლობა მიიღო, ქვეყანაში ტერორისტული საქმიანობის ბრალდებით დაკავებების სერია განხორციელდა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მაღალ შეფასებას აძლევს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიტერორისტულ დანაყოფებს და აღნიშნავს, რომ ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში ისინი წამყვან როლს ასრულებენ და, როგორც წესი, კარგად გაწვრთნილი და ეკიპირებული არიან.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 442


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები