პოლიტიკა

ლევან ყიფიანის შესაძლო ძალადობაზე ცალკე გამოძიება არ დაიწყება - პროკურატურა

01.10.18 15:00


"ომეგა ჯგუფის" დამფუძვნებლის ზაზა ოქუაშვილის სკანდალური განცხადება, რომლის მიხედვითაც, სპორტის ყოფილ მინისტრს, ლევან ყიფიანი ივანიშვილის დავალებით, ყოფილმა პროკურორმა სარდაფში ჩაკეტა და გაუპატიურებით ემუქრებოდა, პროკურატურის ინტერესი გახდა, თუმცა უწყებაში აცხადებენ, რომ აღნიშნული განცხადება დაერთვება პროკურატურაში მიმდინარე საქმეს და შესაძლო ძალადობაზე ცალკე გამოძიების დაწყება არ იგეგმება.

„ყველა მასალა, რაც საჯარო გახდა სხვადასხვა მედიასაშუალებით, დაერთვება ქალაქ თბილისის პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების საქმის მასალებს“- განაცხადეს "ნიუპოსტთან" მთავარი პროკურატურის პრესსამსახურში.

რაც შეეხება თბილისის პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებას. ბოლო დროს გავრცელებული ფარული ჩანაწერების საფუძველზე სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით არის აღძრული, რომელიც სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლებას გულისხმობს.

ცნობისთვის, ზაზა ოქუაშვილმა სკანდალური განცხადებები „კვირის აქცენტებში“ გუშინ გააკეთა.

ოქუაშვილი ამბობს, რომ მის ბიზნესზე ზეწოლა სპორტის ყოფილ მინისტრ ლევან ყიფიანთან შეხვედრით იწყება, რომელიც მას როგორც კონსულტანტი ტელეკომპანია „იბერიას“ მართვაში დახმარებას სთავაზობს.

ოქუაშვილი ამტკიცებს, რომ ყიფიანის „მიგზავნის“ მთავარი მიზანი მის ბიზნესში არსებული სუსტი წერტილის მონახვა იყო.

ამის შემდეგ ყიფიანი ოქუაშვილს ახვედრებს ბიძინა ივანიშვილს, შეხვედრას მაშინდელი ბიზნესომბუდსმენი და ამჟამინდელი შს მინისტრი გახარიაც ესწრება.

ამის შემდეგ ოქუაშვილს ვანო ჩხარტიშვილი ხვდება ლონდონში და ყოფილ მთავარ პროკურორ ირაკლი ფარცხალაძესთან შეხვედრას სთხოვს.

ოქუაშვილის განცხადებით, ფარცხალაძესთან შეხვედრაზე ის ყიფიანთან ერთად მივიდა, სადაც ფარცხალაძემ უთხრა, რომ ზარალის 25 მილიონის მიღების სანაცვლოდ წინასწარ 4 მილიონი უნდა გადაეხადა.

ბიზნესმენის მტკიცებით, ფარცხალაძემ მას პირდაპირ უთხრა, რომ ივანიშვილისა და უჩა მამაცაშვილის დავალებით მივიდა.

ოქუაშვილი ჰყვება, რომ ამის შემდეგ,რადგან მან 4 მილიონი არ გადაიხადა, საქმეში პირადად ივანიშვილი ჩაერთო. მისივე განცხადებით, პარალელურად გრძელდებოდა ლევან ყიფიანისგან მუქარა "ომეგა ჯგუფის" ჰოლდინგში შემავალი კომპანიების დირექტორებთან.

​ამის შემდეგ ერთი დღის გახსნილი კომპანიის ანგარიშზე ზაზა ოქუაშვილის მტკიცებით, მან 4 მილიონი გადარიცხა. ოქუაშვილი ამბობს, რომ გახარიას ხელმძღვანელობით, „თიბისი ბანკის“ ცენტრალური ფილიალიდან ფარცხალაძესთან ერთად 4 მილიონი ქეშად გაიტანეს.

ოქუაშვილი მიანიშნებს, რომ არსებობს ჩანაწერები, სადაც მოქმედი პირი თავად ბიძინა ივანიშვილია.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები