პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი - ვენეციის კომისიამ მძიმე რეპუტაციულ მდგომარეობაში ჩაიყენა თავი, კომისიამ დაწერა ის, რაც ეწინააღმდეგება ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილებას

22.05.24 16:00


პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, გულდასაწყვეტი და სამწუხაროა, როცა ვენეციის კომისიამ მძიმე რეპუტაციულ მდგომარეობაში ჩაიყენა თავი.

 

ოხანაშვილის თქმით, ვენეციის კომისიამ დაწერა ის, რაც ეწინააღმდეგება ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილებას.

 

„ვენეციის კომისია ამბობს, თურმე გამჭვირვალობა ცუდი და არადემოკრატიულია მაშინ, როცა მართლმსაჯულების სასამართლომ ცალსახად აღნიშნა, რომ ევროკავშირის ინსტიტუტები გამჭვირვალედ უნდა ფუნქციონირებდეს. საზოგადოებამ ორგანიზაციების საქმიანობის თაობაზე უნდა იცოდეს. ვენეციის კომისიის მოსაზრებები არ არის დოგმა, მას არ აქვს და ვერ ექნება პრეტენზია ჭეშმარიტებაზე. სამწუხაროდ, სამართლებრივი ექსპერტიზის ჭრილში ვნახეთ, რომ საკითხი შეეხება არა სამართლებრივ ლოგიკურ ანალიზს, არამედ ვენეციის კომისიამ დაიწყო ქუჩის აქციების შეფასება – აქაც მიკერძოებულად და ცალმხრივად. თურმე აქციები მშვიდობიანი იყო, არ იმჩნევენ, რომ პარლამენტის შენობაზე იგეგმებოდა შტურმი და პოლიციელებზე ძალადობა. ვენეციის კომისიას თუ აქვს ახალი სტანდარტი, რომ სამართლებრივი ანალიზის ნაცვლად, ქუჩის აქციების შემფასებელი კომისიაა, მაშინ აქაც უნდა იყოს ობიექტური და თანმიმდევრული. ეს სამწუხაროა, რადგან ამ ინსტიტუტის რეპუტაციაზე აისახება“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

 

ანრი ოხანაშვილის შეფასებით, ვენეციის კომისიის ამ დასკვნით საქართველოში რადიკალურ ოპიზიციას რადიკალიზაციისთვის საბაბი მისცეს.

 

„ასეთი სახის პოლიტიკური დასკვნა რადიკალურ ოპოზიციას ახალისებს. ეს გააკეთეს რადიკალური ჯგუფებისთვის საბაბის მისაცემად, რომ კონკრეტული ახალი რადიკალიზაციის ტალღა დაიწყონ. ვენეციის კომისიას დააწერინეს, რომ გამჭვირვალობა ცუდია, მაშინ, როდესაც ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლო ამბობს, რომ არსებობს საზოგადოების აღმატებული ინტერესი, იცოდეს, კონკრეტული ორგანიზაციები რა ფინანსებით მუშაობენ და რაში ხარჯავენ. ევროკავშირის სისტემა ეფუძნება გამჭვირვალობის პრინციპს. ევროკავშირის ფუნქციონირების ძირითადი დოკუმენტები ეფუძნებიან გამჭვირვალობას და ევროკავშირის ინსტიტუტების გამჭვირვალედ მუშაობას. ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ 2020 წლის გადაწყვეტილებაში ზუსტად ეს თქვა უნგრეთის მაგალითზე, რომ ხალხს აქვს უფლება და აღმატებული ინტერესი, იცოდეს კონკრეტული ორგანიზაციის გამჭვირვალობის შესახებ, როგორ ფინანსდებიან და რაში ხარჯავენ თანხას. იგივე მიდგომა გვაქვს, მაგრამ ვენეციის კომისიას მოუწია დაწერა, რომ არ ეთანხმება ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს და გამჭვირვალობა კარგი არ არის“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

 

ვენეციის კომისიამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით შეფასება 21 მაისს გამოაქვეყნა.

 

 

1tv.ge

წაკითხულია : 298


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები