პოლიტიკა

სახალხო დამცველი - მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ ასე ვერ ვისაუბრებ, თუმცა თუ შევადარებთ წინა ვიზიტის დროს ფიზიკურად როგორიც დამხვდა, დღეს ბევრად უკეთ გამოიყურება

24.06.24 15:30


მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ ასე ვერ ვისაუბრებ, თუმცა თუ შევადარებთ წინა ვიზიტის დროს ფიზიკურად როგორიც დამხვდა, დღეს ბევრად უკეთ გამოიყურება, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებს მას შემდეგ განუცხადა, რაც მან კლინიკა „ვივამედში“ პატიმრები, მათ შორის მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.

 

როგორც მან აღნიშნა, სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნებასთან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა.

 

„ვივამედის“ კლინიკაში მყოფი ყველა მსჯავრდებული და ბრალდებული მოვინახულე. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობით დავინტერესდი. რა თქმა უნდა, მოვინახულე მიხეილ სააკაშვილიც და მასაც ვესაუბრე. მინიმუმ, წელიწადში ერთხელ, ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში მივდივარ და თავად ვნახულობ მსჯავრდებულებს, შესაბამისად ეს ვიზიტიც ამას ემსახურებოდა. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ ასე ვერ ვისაუბრებ, თუმცა თუ შევადარებთ წინა ვიზიტის დროს ფიზიკურად როგორიც დამხვდა, დღეს ბევრად უკეთ გამოიყურება. მის პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნებასთან დაკავშირებით არანაირის საუბარი არ ყოფილა. ეს არ არის არც ჩემი და არც კლინიკის კომპეტენცია. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მივიღე ინფორმაცია, მაგრამ ამ ინფორმაციაზე საჯაროდ ვერ ვისაუბრებ. რაც შეეხება მის გადაყვანასთან დაკავშირებულ საკითხს, ეს საკითხი დღის წესრიგში არც დამდგარა.

 

მოკლე შეხვედრა იყო, ძირითადად მადლობა გადაგვიხდა სახალხო დამცველის აპარატს, რომ მთელი წლის განმავლობაში რეგულარულად ვამონიტორინგებდით მის მდგომარეობას და საზოგადოებას ვაწვდიდით ამის შესახებ ინფორმაციას. ვუთხარი, რომ ჩვენი მხრიდან, ჩვენი მანდატის ფარგლებში რაც არის გასაკეთებელი არამხოლოდ მის მიმართ, ყველას მიმართ აუცილებლად გავაკეთებთ. რაიმე განსაკუთრებული მოთხოვნა ჩემთან მას არ გაუჟღერებია, მათ შორის არც ექიმების მიმართ. სხვა პატიმრებს, ვისაც ვესაუბრე, მათ არაფერი კრიტიკული არ გამოუთქვამთ. მაგრამ თვითონ პროცესი პატიმრების სამკურნალო დაწესებულებაში დროულად გადაყვანის, ანგარიშშიც ვწერთ, რომ ხშირად დროში იწელება“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

 

 

ipn.ge

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები