პოლიტიკა

სოზარ სუბარი - ბევრ ჩვენს უცხოელ პარტნიორს უნდა, საქართველომ გახსნას მეორე ფრონტი რუსეთის წინააღმდეგ

23.05.24 12:00


პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის, სოზარ სუბარის განცხადებით, ქართველი ხალხის ინტერესშია, საქართველოში უცხოური დაფინანსება გამჭვირვალე იყოს.

 

სუბარის თქმით, ყოველთვის საქართველოს ინტერესების შესაბამისად იმოქმედებენ და ვერანაირი ზეწოლა ამ გზიდან ვერ გადაახვევინებთ.

 

ამასთან, სოზარ სუბარმა აღნიშნა, რომ ორმაგი სტანდარტები მიუღებელია და არამარტო საქართველოსთან დამოკიდებულებაში.

 

„ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო როცა აწესებს სანქციებს და დევნას აცხადებს, მაგალითად, სამხრეთ ოსეთის არაღიარებული ოლქის მაღალჩინოსნებზე, რუს მაღალჩინოსნებზე, როდესაც ეს არის მისაღები და, ამავე დროს, ბატონი ბლინკენი ამბობს, რომ ის სანქციებს დაუწესებს ჰააგის პროკურორსა და მოსამართლეებს იმის გამო, რომ მათ რაღაც გადაწყვეტილებები მიიღეს ისრაელთან დაკავშირებით, ეს არის ორმაგი სტანდარტი. ასეთი საერთაშორისო სამართალი მე არ მესმის. შესაბამისად, არანაირ სანქციებს არც ველოდებით და არც ამის შიში გვაქვს. შარშან, 2023 წლის მარტში ჩვენ დავაინიცირეთ ორი კანონპროექტი. ერთი, რომელიც ახლა არის მიღებული – უცხოური გამჭვირვალობის შესახებ და მეორე იყო უცხოური აგენტების აქტი, „ფარას“ სიტყვასიტყვითი თარგმანი. იმასაც კი, ამერიკულიდან სიტყვასიტყვით თარგმანს უწოდეს რუსული. რატომ? იმიტომ, რომ ეს არის მათი პოლიტიკური მესიჯი, არ უნდათ, მათი გარკვეული დაფინანსებები გამჭვირვალე იყოს საქართველოში. ვის უნდა, რომ საქართველოში დაფინანსება იყოს გამჭვირვალე? ეს არის ქართველი ხალხის და ქართული სახელმწიფოს ინტერესში. ამიტომ ჩვენ ყოველთვის ვიმოქმედებთ საქართველოს ინტერესების შესაბამისად და ვერანაირი ზეწოლა ამ გზიდან ვერ გადაგვახვევინებს.

 

ძალიან ბევრ უცხოელ ჩვენს პარტნიორს უნდა, საქართველომ გახსნას მეორე ფრონტი რუსეთის წინააღმდეგ. ბლინკენთან დაკავშირებით მოგიყვანთ ბლინკენის ციტატას, რომელიც მან თქვა, როდესაც ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ქემერონთან ერთად ატარებდა პრესკონფერენციას. დაუსვეს კითხვა, უკრაინაში ომი ძალიან ძვირი უჯდება ამერიკას და რატომ აფინანსებთ? მან უპასუხა, რომ ამერიკული დაფინანსების 90 პროცენტი რჩება აშშ-ში. ამ დაფინანსებით აშშ-ში იქმნება ათასობით მაღალკვალიფიციური სამუშაო ადგილი, ვითარდება ტექნოლოგიები, რუსეთი სუსტდება, უკრაინა კი ინგრევა და უკრაინელები კვდებიან, მაგრამ ამით ამერიკა მხოლოდ ხეირობს და ეს არის ორმაგი სტანდარტი. ჩვენ არ გვინდა, აღმოვჩნდეთ იმავე მდგომარეობაში, რომელშიც არის უკრაინა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე განაცხადა: „შეშფოთებულები ვართ საქართველოში „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონით, ძალიან სერიოზულად ვუყურებთ, რისი გაკეთება შეგვიძლია ამის საპასუხოდ და ველოდები, რომ მივიღებთ ზომებს“.

 

 

1tv.ge

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები