პოლიტიკა

მამუკა ბახტაძე: საამაყოა, რომ ასეთი მაღალი დონის ვორქშოფი იმართება საქართველოში

02.10.18 18:00


„საამაყოა, რომ ასეთი მაღალი დონის ვორქშოფი იმართება საქართველოში, თბილისში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში და მსურს დაგარწმუნოთ, რომ საქართველოს მთავრობა ყოველთვის გვერდში დაუდგება ასეთ მნიშვნელოვან ინიციატივებს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ტექნიკურ უნივერსიტეტში, COMET კოლაბორაციის რიგით 26-ე საერთაშორისო სამუშაო შეხვედრის ოფიციალურ გახსნაზე განაცხადა.

COMET კოლაბორაციის ყოველწლიური საერთაშორისო სამუშაო შეხვედრა, რომელიც უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო სამეცნიერო თვალსაზრისით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს ოფიციალურად გახსნა.

COMET კოლაბორაციის საერთაშორისო სამუშაო შეხვედრას, წელს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, როგორც COMET კოლაბორაციის პარტნიორი ორგანიზაცია მასპინძლობს.

სამუშაო შეხვედრაში მსოფლიოს 16 ქვეყნის 70-მდე მეცნიერი მონაწილეობს, მათ შორის სტუ-ის მეცნიერ-მკვლევარებიც. COMET საერთაშორისო კოლაბორაციის ინტეგრაციის სამუშაო შეხვედრის ოფიციალურ გახსნაში მონაწილეობდნენ: მამუკა ბახტაძე – საქართველოს პრემიერ მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი – საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, აკად. არჩილ ფრანგიშვილი – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, ტადაჰარუ უეჰარა – იაპონიის ელჩი საქართველოში, იოშიტავა კუნო – COMET ექსპერიმენტის სპიკერი, ოსაკას უნივერსიტეტის პროფესორი.

„მისალმებელია, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მასპინძლობს COMET კოლაბორაციის რიგით 26-ე საერთაშორისო ვორქშოფს. საქართველოს აქვს დიდი სამეცნიერო ტრადიციები და ნამდვილად შეუძლია იამაყოს თავის სახელოვანი და მსოფლიოში განთქმული მეცნიერებით. ამიტომაც, ბუნებრივია, რომ დღესაც, ქართველი მეცნიერები საერთაშორისო დონეზე იღებენ მონაწილეობას ასეთ მნიშვნელოვან კვლევებში. სასიხარულოა, რომ ქართველი მეცნიერები და ინჟინრები აქტიურად არიან ჩართული საერთაშორისო კოლაბორაციებში, სადაც მიმდინარეობს ფუნდამენტური კვლევები და თავმოყრილია თანამედროვე საინჟინრო ტექნოლოგიები, რათა გადაიჭრას როგორც ფუნდამენტური, ასევე გამოყენებითი მეცნიერების ძირითადი პრობლემები. საქართველოს მთავრობას პრიორიტეტად აქვს გამოცხადებული მეცნიერებისა და თანამედროვე საინჟინრო ტექნოლოგიების განვითარება. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ შევქმნათ მაღალი დონის საგანმანათლებლო სისტემა და უზრუნველვყოთ შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის არსებობა.

ოფიციალურად განვაცხადეთ, რომ ჩვენი სტრატეგიული მიზანია სწორედ განათლება და მეცნიერება, რომ ეს სექტორი იყოს სწორედ დომინანტი ჩვენს ეკონომიკაში და მას ჰქონდეს მინიმუმ ორნიშნა ციფრი. მოხარული ვარ, რომ ბევრი სტუმარი და მეგობარი ესწრება დღევანდელ შეხვედრას, მათ შორის იაპონიიდან. იაპონიის ეკონომიკის წარმატების ერთ-ერთი ფორმულა სწორედ მეცნიერებაა და ის ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციები, რაც იაპონიაში, ამ სექტორში ხორციელდება. მოგეხსენებათ, რომ მთავრობამ, ორი წლის წინ, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დააფინანსა ბირთვული და ელემენტარული ნაწილაკების თანამედროვე ლაბორატორიის პროექტი. ეს პროექტი წარმატებული აღმოჩნდა და დღეს გამოიყენება სწორედ COMET ექსპერიმენტის სისტემის შექმნისთვის. ჩემთვის, პირადად, ძალიან საამაყოა, რომ ასეთი მაღალი დონის ვორქშოფი იმართება საქართველოში, თბილისში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში და მსურს დაგარწმუნოთ, რომ საქართველოს მთავრობა ყოველთვის გვერდში დაუდგება ასეთ მნიშვნელოვან ინიციატივებს”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები