პოლიტიკა

"ქართულ ოცნებას" პარტიის წევრები ტოვებენ

27.09.18 15:30


ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის პაატა ნადირაძისა და მერიის სხვა თანამდებობის პირების გადადგომას გამოეხმაურა რაიონის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ინა ასანიძე, რომელიც თანამდებობდან რამდენიმე თვის წინ გადადგა და ემიგრაციაში წავიდა.

ინა ასანიძემ დღეს პარტია “ქართული ოცნება” დატოვა.

“ცხოვრებაში ბევრი ტკივილიანი მომენტი მქონია, მაგრამ ასე არასდროს გამჭირვებია ემოცია გამომეხატა. რთულია და მიჭირს სათქმელი მოვიტანო თქვენამდე ჩემო ერთგულო ჭიათურლებო, მეგობრებო, ამომრჩევლებო… ბოლოს და ბოლოს ჩემო თანამოაზრეებო… ემოციები მახრჩობს და ცრემლები ასწრებს რაიმე დავწერო, თქვენამდე მოვიტანო გულის ტკივილი, დარდი, სინანული და გაგიზიაროთ ის სევდა, რაც 2018 წლის 13 ივლისს დაიწყო… თარიღი, რომელმაც თავდაყირა დააყენა ჩემი გეგმები, რომელიც ჭიათურისა და ჭიათურლების უკეთეს მომავალს უკავშირდებოდა… არსებობს კეთილი და ბოროტი ზღაპრები, თუმცა თუ იარსებებდა აბსურდული ზღაპრები, არ ვიცოდი და ამ ვაი-უბედურება გამოგონილი აბსურდის მთავარი გმირი, თანაგუნდელებთან ერთად მეც თუ გავხდებოდი, ვერასდროს ვიფიქრებდი.

რაც მოხდა ჭიათურაში ყველამ იცის. ამ სამარცხვინო ისტერიის(!!!) დროს შვებულებაში ვიყავი (2 აგვისტოს უნდა დავბრუნებოდი სამსახურს). სწორედ 2 აგვისტოდან დავწერე სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება. იყო ზეწოლის მომენტიც – გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი გია დალაქიშვილი უხეშად მაიძულებდა თანამდებობა დამეტოვებინა. ოღონდ ჩემი სამსახურიდან წასვლა არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეხებოდა მანდატის დატოვებას. ეს პარტიის დიდ სირცხვილად ჩაითვლებოდა, რადგან ის უბნები, რომლის მაჟორიტარიც გავხდი, „ოცნებამ“ ჩემი დახმარებით პირველად მოიგო 6 წლის განმამავლობაში. სწორედ ჩემს დაპირებულ სიტყვასა და სინდისზე მიიღო პარტიამ ამ უბნებში ხმა. დღეს, როდესაც ჩემმა მეგობრებმა გადაწყვიტეს თანამდებობების დატოვება, მეც ვტოვებ პარტიულ მანდატს. ამის გამო ბოდიშს ვუხდი ჩემს ერთგულ ამომრჩევლებს. სწორედ ამის გამო მწყდება გული, სწორედ ეს მტკენს გულს, რომ ჩემი ამომრჩევლების შუა გზაზე მიტოვება მომიწია, მაგრამ მერწმუნეთ ეს ჩემზე არ იყო დამოკიდებული, ჩემი და ჩემი ამომრჩევლების აზრი ვიღას აინტერესებს ზედა ეშელონებში?….თუმცა, დრო მჭირდება, დრო რომელიც მომცემს ძალას, ენერგიას და შემართებას, ისევ ვიზრუნო თქვენზე. გპირდებით და ჩემ სიტყვას შევასრულებ ჩემო ძვირფასებო. თავს არაერთხელ შეგახსენებთ სხვადასხვა სახის საქველმოქმედო აქციებითა და ღონისძიებებით. თქვენზე ზრუნვა ჩემი პრიორიტეტი იქნება. მიგულეთ თქვენს გვერდით”, – წერს ინა ასანიძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ინა ასანიძეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა ეკავა. ასანიძის თქმით, ჭიათურაში განვითარებული ცნობილი სკანდალის შემდეგ, რომელიც ქალაქის მერთან ერთად, მასაც დაუკავშირდა, “ოცნების” მაღალჩინოსნები მას თანამდებობის დატოვებას აიძულებდნენ. ინა ასანიძის გადადგომის შემდეგ, ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ, ბიძინა ივანიშვილის დის, მაგული ივანიშვილის კიდევ ერთი პროტეჟე და თანასოფლელი, გივი კიკნაძე აირჩიეს.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები