პოლიტიკა

ეკა ბესელია - ლევან ყიფიანი ზაზა ოქუაშვილის ვერსიას თავდაყირა აყენებს

04.10.18 15:20


ლევან ყიფიანი ზაზა ოქუაშვილის ვერსიას თავდაყირა აყენებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ეკა ბესელიამ განუცხადა.

ბესელიას თქმით, ახლა მით უფრო საჭირო ხდება საქმის გამოძიება და ოქუაშვილმა პირველი რაც უნდა გააკეთოს, არის გამოძიებასთან თანამშრომლობა.

„წინასწარი დასკვნის გაკეთება მხოლოდ სულსწრაფობაა, რეალობის დადგენას უშლის ხელს და ჩანს პოლიტიკური ინტერესი. თუკი საკითხს სწორად და სამართლებრივად მივუდგებით, მოთხოვნა უნდა იყოს ის, რომ გამოძიებამ იმუშაოს ობიექტურად და მას ამის შესაძლებლობა მიეცეს. ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს ნამდვილია თუ გაყალბებული ჩანაწერები, ვის ეკუთვნის და რა მოხდა. ამ ყველაფრის გარეშე ყველა შეფასება არის სუბიექტური. ლევან ყიფიანის მიერ გაკეთებული განცხადება კიდევ უფრო მეტად ითხოვს გამოძიების სწრაფად ჩატარებას. პირადად მე, ფაქტად არავის ნათქვამს არ ვიღებ, მით უფრო ფაქტად არ ვიღებ ფარულ ჩანაწერებს, რომელიც არავინ არ იცის ვინ ჩაწერა, რეალურია თუ არა. მე იმ ადამიანების უფრო მიკვირს, ვინც ამას ფაქტად იღებს და დასკვნებს გაუგებარ ჩანაწერებზე აკეთებს“,- განუცხადა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ.

ცნობისთვის, სპორტის ყოფილმა მინისტრმა, ლევან ყიფიანმა, გუშინ, თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩვენების მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მას ზაზა ოქუაშვილმა შესთავაზა აუდიოჩანაწერების გაკეთება, ვითომდა მიმდინარეობდა ზეწოლა, რათა ეს ჩანაწერები უცხოელი პარტნიორების დასარწმუნებლად გამოეყენებინა. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ჩანაწერები წინასწარი სცენარით მიდიოდა, მედიაში რაც გავიდა, ის მაინც მონტაჟია.

როგორც ყიფიანმა აღნიშნა, ზაზა ოქუაშვილს დავალიანება ჰქონდა უცხოელ პარტნიორებთან და ამ გზით ცდილობდა ის ვალდებულებების შესრულების გადავადებას.

გარდა ამისა, ყიფიანმა კატეგორიულად უარყო ოქუაშვილის ინფორმაცია ე.წ. სარდაფის ინცინდენტთან დაკავშირებით და მას სრული სიყალბე და სამარცხვინო სიცრუე უწოდა.

ლევან ყიფიანი ზაზა ოქაშვილის წინააღმდეგ სამოქალაქო სარჩელის გარდა, გეგმავს პროკურატურასაც მიმართოს და ოქუაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მოსთხოვოს.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები